ოთარ დანელია ქუთაისის ლაბორატორიას ესტუმრა


სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება. ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, თბილისის და ახალციხის ლაბორატორიების მსგავსს მოდელს წარმოადგენს. ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევები ხორციელდება სრული ციკლის დაცვით: როგორც ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით. 2014 - წლიდან ქუთაისის ლაბორატორიაში დაინერგა სურსათის და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები; 2015 წლის იანვირდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ფლობს ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას; ქუთაისის ლაბორატორიაში ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა; 2015 წლიდან ლაბორატორიას დაემატა მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის სპეციალისტის შტატი; ამჟამად დასაქმებულია 11 სპეციალისტი; ლაბორატორიაში დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევა; კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერსონალმა გაიარა სწავლება; ფართოვდება სურსათის ქიმიური კვლევების სფერო; 2016 წლის იანვარში განხორციელებული სააკრედიტაციო ვიზიტის დროს სააკრედიტაციო სფეროს დაემატა სურსათის კვლევის ახალი მეთოდები.