სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს


სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ სპეციალისტები, ირმა ბერაძე და თამარ თიღილაური სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა წარმატებით გაიარეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კურსდამთავრებულებისთვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროგრამაში ქართველებთან ერთად, სომეხი და აზერბაიჯანელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართული. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი და სხვა მოწვეული სტუმრები. ”ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დასრულდა. ორწლიანი პროგრამა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, სხვადასხვა მიზნების გარდა, ეს პროგრამა ემსახურება სტაბილური დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის როგორც რეგიონული პლატფორმა იმისათვის, რომ რეგიონში სხვადასხვა ქვეყნების ურთიერთობაც გამყარდეს ამ მიმართულებით”, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. დავით სერგეენკოს განცხადებით, სპეციალისტებმა შეუფასებელი ცოდნა მიიღეს. ”ეს სპეციალისტები არიან ეპიდემიოლოგები და ვეტერინარები. ძირითადი სამუშაოს გარდა, მათ მიიღეს შეუფასებელი ცოდნა, ე.წ. საველე პირობებში მუშაობაზე. ეს ნიშნავს, როცა რაიმე კონკრეტული შემთხვევა ხდება, როგორ მოიქცნენ სწორად, როგორ აღწერონ, როგორ გააკეთონ რეაგირება, როგორ დაიცვან სხვები ინფექციის გადაცემისგან და როგორ ჩართონ სამუშაო გეგმა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დაფუძნებულია ერთიან ჯანდაცვის კონცეფციაზე”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საველე ეპიდემიოლოგების მზადების პროგრამა 2009 წლიდან არსებობს. აღნიშნული პროგრამით დღემდე 100-მდე ადამიანმა მიიღო ორწლიანი ფუნდამენტური განათლება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის სპეციალისტებმა. სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა, ადამიანის და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა, კონტროლი და პრევენცია. ამჟამად, სწავლების სრული ციკლი გაიარა მსმენელთა მე-6 კოჰორტამ, 16-მა სპეციალისტმა, მზადებას განაგრძობს მეშვიდე კოჰორტა - 17 სპეციალისტი, რომელმაც უკვე გაიარა მთლიანი სწავლების ნახევარი ეტაპი, ხოლო მერვე კოჰორტას სწავლა დღეიდან დაიწყება.